მაია გოგსაძე- ასოითი აღნიშვნები მუსიკაში
სხვა მუსიკალური დისციპლინებისგან განსხვავებით, სოლფეჯიოს კურსის პრაქტიკული შედეგი ადვილი შესამჩნევი არ არის, ვინაიდან საგანი მრავალწახნაგოვანი და მასშტაბურია. განსაზღვრული ჩვევები (თეორიული საფუძვლები, ნოტაცია, მუსიკალური სმენა, ზუსტი ინტონირება, რიტმის გრძნობა, მეხსიერება და სხვა) სწორედ სოლფეჯიოს დახმარებით გამომუშავდება, ამიტომ საგნისადმი ზედაპირული დამოკიდებულება არ გვარგებს. ცხადია, ეს ჩვევები ხანგრძლივი და სისტემური სწავლის შედეგია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
მუსიკის განვითარებაში გვიდო დ’არეცოს მიერ შექმნილი სანოტო ჩანაწერის როლზე ერთ-ერთ წერილში უკვე ვისაუბრე (როგორც გახსოვთ, მარცვლოვან სახელწოდებათა ავტორად სწორედ გვიდო დ’არეცოა მიჩნეული). ახლა გადავხედოთ ასოით აღნიშვნებს ლათინური ანბანის მიხედვით.
ასოითი ნოტაცია ძველი ბერძნების გამოგონებაა.
ჩვენ უკვე ვიცით შვიდი ძირითადი ბგერის მარცვლოვანი დასახელება: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი (სხვათა შორის, ეს აღნიშვნები უფრო გვიან გაჩნდა, ვიდრე ასოითი). მუსიკალური ბგერების აღსანიშნავად ლათინურ ასოებს ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იყენებდნენ – ის ხომ ცნობილი იყო თავისი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემით. მას შემდეგ სანოტო დამწერლობა უფრო და უფრო დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა.
მუსიკალურ პრაქტიკაში კარგა ხანია გამოიყენება ცალკეული ბგერებისა და ტონალობების ასოითი აღნიშვნის სისტემა. სისტემის საფუძველი ლათინური ანბანია. მუსიკალური ბგერების ასოითი ჩაწერისთვის დაგვჭირდება ლათინური ანბანის პირველი 8 ნიშანი (a b c d e f g h) და სუფიქსები – is (დიეზი), isis (დუბლ დიეზი), es (ბემოლი) და eses (დუბლ ბემოლი).
სისტემის ასოითი აღნიშვნის არსი ისაა, რომ ყოველი მუსიკალური ბგერა ლათინური ანბანის განსაზღვრული ასოთი იწერება. ვინაიდან იმ დროისთვის სიმღერისას ყველაზე დაბალ ბგერად „ლა“ მიიჩნეოდა, ის ლათინური ანბანის პირველი ასოთი – A–თი აღნიშნეს, დანარჩენი ნოტები კი აღმავალ რიგზე ასე განლაგდა: В (სი ბემოლი), С (დო), D (რე), Е (მი), F (ფა), G (სოლ) და ასე გამოითქმის: A (ა) – ლა, В (ბე) – სი ბემოლი, С (ცე) – დო, D (დე) – რე, Е (ე) – მი, F (ეფ) – ფა, G (გე) – სოლ. როდესაც სი ბემოლზე უფრო მაღალი ბგერის გამღერების აუცილებლობა გაჩნდა, ბგერა „სი“ ანბანის მომდევნო ასოთი – Н-ით აღინიშნა.
სასურველია ასოითი აღნიშვნების ზეპირად დასწავლა. დამახსოვრება თუ გაგიჭირდათ, ცხრილი ფურცელზე ამოიწერეთ, დროდადრო დახედეთ და გადაამოწმეთ, რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ დამახსოვრებული ნოტი ლათინური ანბანის აღნიშვნას.
წყარო:http://mastsavlebeli.ge/
ვსწავლობთ დაკვრას მარტივად და სწრაფად
დღეს მსურს, ვისაუბრო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაწარმოების შესახებ, რომელიც ვიცით ყველამ – დიდმა თუ პატარამ. „ძაღლების ვალსის“ რიტმულად დამარცვლისას მეხსიერებაში უმალ აღვიდგენთ ბავშვობის დროინდელ „მუსიკალურ თამაშს“:
პარა რამ პამ-პამ, პარა რამ პამ-პამ,
პარა რამ პამ პამ პამ რამ პამ-პამ,
პარა რამ პამ-პამ, პარა რამ პამ-პამ,
პარა რამ პამ პამ პამ რამ პამ-პამ.
მუსიკალურად რა მოუმზადებლებიც უნდა ვიყოთ, გარკვეული მცდელობის შედეგად მის დაკვრას ყველა ახერხებს, თუნდაც ერთი თითით.
გაგიკვირდებათ, მაგრამ პიესის ავტორი უცნობია, ამიტომ ვალსს ვის აღარ მიაწერენ. არსებობს ვერსია, თითქოს ავტორი ფრიდერიკ შოპენი იყოს, რის საფუძველსაც იძლევა მისი ცნობილი ნაწარმოები „პატარა ძაღლის ვალსი“ („წუთიერი ვალსი“, რე ბემოლ მაჟორი, ოპ. 64 № 1), მაგრამ ეს მხოლოდ დამთხვევაა.
წყარო:http://mastsavlebeli.ge
პიესა იმდენად პოპულარულია, რომ ყოველი ქვეყანა საკუთარ სახალისო სახელს არქმევს. გერმანიაში ის „რწყილის ვალსადაა“ ცნობილი, ბულგარეთში – „კატის მარშად“, უნგრეთში – „ვირის მარშად“, მაიორკაზე – „ჩერჩეტის პოლონეზად“, საფრანგეთში – „დაბეგვილ კატლეტად“, მექსიკაში – „პატარა მაიმუნებად“, ხოლო იაპონიაში „კატას დავაბიჯე ფეხის“ სახელითაა ცნობილი.
მუსიკალური სმენა: სუნთქვა (I)
„სიმღერის სკოლა სუნთქვის სკოლაა“.
ფ. ლამპერტი
ყოველგვარი ბგერის საფუძველი სუნთქვაა. შეიძლება ითქვას, რომ ხმა არის გახმოვანებული სუნთქვა. სუნთქვის პროცესსა და ბგერის გამოცემაში ერთი და იგივე ორგანოები მონაწილეობს.
ჩვენ სასუნთქი სისტემის მესამედსაც არ ვიყენებთ, რის გამოც ხშირად სუნთქვა შემჭიდროებულია, ეს კი ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ხმაზე, არამედ ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. ეს განსაკუთრებით აშკარად მჟღავნდება სტრესულ სიტუაციებში, როდესაც ფიზიკურად შევიგრძნობთ, როგორ „არ გვყოფნის ჰაერი“, ხოლო ხმა ყრუდ ჟღერს და მალე იღლება.
სასიმღერო ხმის წარმოქმნის პროცესის შესწავლას საკუთარი ისტორია აქვს. ბერძენმა ექიმმა, დიდმა მოაზროვნე ჰიპოკრატემ, დაადგინა, რომ ყელის დაზიანების დროს ხმა აღარ ჟღერს. ამის საფუძველზე მან დაასკვნა, რომ სუნთქვა და ხმა ერთმანეთზეა დამოკიდებული. რომაელმა ექიმმა გალენმა ხორხის ანატომიის გამოკვლევის შედეგად ბეჭდისებრი და ფარისებრი ხრტილები გამოყო. ის წერდა, რომ ხმის სიძლიერე სუნთქვის სიძლიერეზეა დამოკიდებული. გალენის ნაშრომები მოიცავს მსჯელობას სიმღერასა და ორატორულ მეტყველებას შორის მჭიდრო კავშირზე და ეს დაკვირვებები დღემდე აქტუალურია.
შეგახსენებთ, რომ XVI საუკუნიდან იტალიაში სწრაფად განვითარდა მუსიკალური საკრავების შექმნის მეთოდები და, ამასთან ერთად, გაიზარდა ინტერესი ადამიანის სასიმღერო ხმის მიმართ. გაჩნდნენ სოლო მომღერლები, პედაგოგები, შეიქმნა ადამიანის ანატომიის შემსწავლელი მეცნიერული ნაშრომები. ამ ნაშრომებში იმთავითვე გამოიყენებოდა „თავისა“ და „მკერდის“ რეზონირების ცნება. XVIII საუკუნის იტალიაში აყვავდა ახალი მუსიკალური ჟანრი – ოპერა, რომელმაც სტიმული მისცა ახალი ვოკალური სკოლების შექმნას მასწავლებლებისა და მომღერლებისთვის.
***
როგორც უკვე ვთქვით, რაც უფრო ძლიერია ჰაერის ნაკადი ანუ სუნთქვა, მით უფრო მაღალია ხმა. სასურველია, ელემენტარული წარმოდგენა გვქონდეს სუნთქვის ორგანოებსა (ცხვირის ღრუ, ტრაქეა (სასულე), ხორხი, ბრონქები, ფილტვები, დიაფრაგმა) და მათ აღნაგობაზე.
ჩასუნთქვისას ჰაერი ცხვირიდან ყელში (ხორხში) გადადის, იქიდან კი – ტრაქეაში, რომელიც ორ – მარცხენა და მარჯვენა – ბრონქად არის გაყოფილი. მარჯვენა ბრონქი სამ ტოტად იყოფა, მარცხენა – ორად, მერე კი უფრო წვრილ ელემენტებად – ბრონქიოლებად იტოტება. ბრონქიოლებს, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 0,3-0,4 მმ-ს, ტერმინალურ ბრონქიოლებს უწოდებენ. თითოეული ტერმინალური ბრონქიოლა კიდევ 4-5 რესპირატორულ ბრონქიოლად იყოფა. რესპირატორულ ბრონქიოლას 5-6 გასასვლელი აქვს. თითოეული მათგანი ბოლოვდება 3-6 ალვეოლური ტომსიკით, რომლებიც ფილტვისეული ბუშტუკებით – ალვეოლებითაა მოფენილი. თითოეული ალვეოლური ტომსიკა ჰაერით ივსება და ჟანგბადი მათი კედლის გავლით ფილტვის კაპილარებში აღწევს. ამგვარად, სისხლი იღებს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს, რომელიც ჟანგვის შედეგად წარმოიქმნება.
სუნთქვისას ბგერის „საყრდენი“ დიაფრაგმაა, ხმის სიმაღლე კი სახმო კუნთების განვითარებასა და სწორი სუნთქვის შესწავლაზეა დამოკიდებული. სახმო კუნთების ტრენირება „სახმო ფიტნესის“ გზით ხორციელდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რომელ კუნთებს სჭირდება განვითარება. ასეთია სუნთქვაში მონაწილე ყველა კუნთი – ხორხის გარე და შიდა კუნთებით დაწყებული, ენისა და ტუჩების კუნთებით დამთავრებული.
ერთ-ერთი მთავარი კუნთი, რომელზეც დამოკიდებულია ხმის სიძლიერე, დიაფრაგმაა – სხეულის ცენტრალური კუნთი, რომელიც სუნთქვის ორგანოებსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს ერთმანეთისგან ყოფს. ძველი ბერძნები მას „სულს“, „შეგნებას“, „სულისკვეთებას“, „გონებას“ უწოდებდნენ, რაც დიაფრაგმის უდიდეს მნიშვნელობაზე მეტყველებს. დიაფრაგმა სწორედ ის „საყრდენია“, საიდანაც ხმა სიძლიერეს მოიპოვებს. იმ ადამიანების დიაფრაგმა, რომელთა სამუშაო ინსტრუმენტი ხმაა, ყოველთვის ქვასავით მყარია. საინტერესოა, რომ ენერგიის ხარჯვით მომღერლის მუშაობა მტვირთავის მუშაობას უტოლდება. ისიც საინტერესოა, ვის უფრო უკეთ აქვს განვითარებული სახმო აპარატი – ვოკალისტს თუ ორატორს.
იმის მისახვედრად, რამდენად მნიშვნელოვანია დიაფრაგმა ბგერის გამოცემისთვის, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ: მუცელი მაქსიმალურად მოვადუნოთ (ხელით ვაკონტროლოთ, რამდენ ხანს შეინარჩუნებს სირბილეს), მერე კი ბგერის გამოცემა ვცადოთ. უმცირესი მცდელობითაც კი ვიგრძნობთ დიაფრაგმის დაჭიმვას.
როგორ გავარკვიოთ, როდის მუშაობს დიაფრაგმა კარგად? ამისთვის გულიანად გავიცინოთ და ხელი მუცელზე დავიდოთ. ამ დროს დიაფრაგმა მაქსიმალურად იჭიმება და ჰაერს (ბგერას) იმპულსებად უშვებს. ეს არის დიაფრაგმის უნებლიე მუშაობა.
როგორ გამოვიმუშაოთ დიაფრაგმის მუშაობის სწორი ალგორითმი? თუ გვსურს ბალანსის პოვნა სხეულს, სუნთქვასა და ხმას შორის, შეგვიძლია შევასრულოთ მარტივი სავარჯიშო მდგომარემ ან მწოლიარემ. ვისუნთქოთ ნელა და ღრმად. დავდგეთ სწორად და ხელები ფართოდ გავშალოთ. ცალი ხელისგული მკერდზე მივიდოთ (ყურადღება მივაქციოთ ხელის მოძრაობას – მან მაღლა არ უნდა აიწიოს), მეორე – მუცელზე. ფილტვები ჰაერით ავივსოთ. ჩასუნთქვისას მუცელი (დიაფრაგმასთან ერთად) წინ და ქვევით გაიწევს ანუ გამოიბერება. ამოსუნთქვისას კი – შიგნით და ზევით, ნეკნების ქვეშ შეიზნიქება. რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ ვიგრძნობთ, რომ დაიწყო ნორმალური ღრმა სუნთქვა, გულისცემა გათანაბრდა, სხეული ტონუსშია და ხმა თავისუფლად აჟღერდა. მუცლით ღრმა სუნთქვა შესანიშნავი ანტისტრესული საშუალებაა და სიმშვიდეს გვინარჩუნებს.
სუნთქვის ვარჯიშებში აქტიურადაა ჩართული სხეულის ყველა ნაწილი: ხელები, ფეხები, თავი, მენჯის სარტყელი, მუცლის პრესი, მხრის სარტყელი, რომლებიც მთელი ორგანიზმის საერთო ფიზიოლოგიურ რეაქციას იწვევს. ამ დროს იზრდება ჟანგბადის მოთხოვნილება, ეგრეთ წოდებული „ჟანგბადის წყურვილი“. ყოველი ჩასუნთქვა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და სხვადასხვა ორგანოს სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს, გავლენას ახდენს მუცლის ღრუს ორგანოებზე.
სუნთქვის ვარჯიშები ხელს უწყობს ასევე თავის ტვინის ქერქში აღგზნებისა და შეკავების პროცესების გათანაბრებას. ვარჯიში აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვეულ ფუნქციას და განამტკიცებს სისხლის მიმოქცევის მთელ აპარატს, ასწორებს გულმკერდისა და ხერხემლის დეფორმაციებს, ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს, აუმჯობესებს ფსიქონევროლოგიურ მდგომარეობას.
სიმღერაში განასხვავებენ სუნთქვის შემდეგ ტიპებს: 1. მუცლის (დიაფრაგმული) ტიპი. მუცლით სუნთქვის დროს გულმკერდის ბადე უმოქმედოა, მუცელი წინ წამოიწევს, ამოსუნთქვა კი დიაფრაგმის მოძრაობით ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ბიჭებს მუცლით სუნთქვა ახასიათებთ, გოგონებს კი – გულმკერდით. ლავიწით სუნთქვა ბავშვებისა და მოზარდებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ტიპის სუნთქვის დროს გულმკერდი ფართოვდება და მისი ზედა ნაწილი ზევით იწევს, მხრებიც კი.
- გულმკერდისა და მუცლის (ქვედა ნეკნის დიაფრაგმული) ტიპი მუცლით სუნთქვის უპირატესობით. სუნთქვაში დიაფრაგმასთან ერთად გულმკერდის ქვედა ნაწილიც ერთვება, დიაფრაგმა ამ დროს გაჭიმულია (დაგრძელებულია).
- გულმკერდისა და მუცლის (ნეკნის დიაფრაგმული) ტიპი. სუნთქვაში მკერდის კედლები და დიაფრაგმა ერთნაირად მონაწილეობს.
- გულმკერდით (ნეკნისებური) სუნთქვისას აქტიურად მუშაობს გულმკერდის კუნთები, ხოლო დიაფრაგმა ამ პროცესში თითქმის არ მონაწილეობს. ამ დროს მუცელი შიგნით შეიწევს.
ამგვარი დაყოფა პირობითია. სუნთქვის ტიპის შერჩევისას ორიენტაციის საფუძველი უნდა იყოს მოხერხებული პოზიცია და ბგერის ხარისხი. თუმცა მომღერლებს შორის დიაფრაგმული სუნთქვა უფრო მეტადაა გავრცელებული.
წყარო:http://mastsavlebeli.ge/.
გარე ტაქტი. წერტილი. ლიგა. ფერმატა
გარე ტაქტი
მუსიკალური ნაწარმოების უმახვილო (მეტრულად სუსტი) წილით დაწყება (ისევე, როგორც პოეზიაში – ლექსის დასაწყისში), თითოეულ თქვენგანს, ალბათ, არაერთხელ შეუმჩნევია. მელოდიის ამგვარი დასაწყისი კი ყოველთვის გარე ტაქტზე მიანიშნებს. მისი არ შემჩნევა შეუძლებელია, ვინაიდან თვალშისაცემია ტაქტის „მცდარი“ ზომით დაწყება. როგორც წესი, გარე ანუ არასრული ტაქტი ერთი ან რამდენიმე ნოტისგან შედგება. რაც შეეხება გარე ტაქტის მეორე ნაწილს ანუ დარჩენილ თვლას, რომელიც „არა მცდარი“ ზომის მაუწყებელია, ბოლო ტაქტშია მოცემული ან ნაწარმოების შუაში ნებისმიერი ნაწილის წინ. ამრიგად, ბოლო ტაქტი სრულად გამორიცხავს პირველი ტაქტის გაუგებრობას და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მუსიკალური თეორიის იდეალურ კანონებზე.
გარე ტაქტი ასევე ძალიან ჰგავს დირიჟორის გამაფრთხილებელ, ეგრეთ წოდებულ წინმსწრებ ჟესტს – აუფტაქტს (ხელისა თუ ჯოხის აქნევა), რომელიც გამოიყენება ნაწარმოების დაწყების წინ შემსრულებელთა საყურადღებოდ.
წერტილი
წინარე წერილებში გრძლიობებზე ბევრი გვისაუბრია. ვინაიდან მრავალფეროვან მუსიკალურ რიტმულ სამყაროში არსებული ძირითადი გრძლიობები არასაკმარისია, თვალი გადავავლოთ იმ დამხმარე საშუალებებს, რომლებიც ბგერების ჩაწერაში უკეთ დაგვეხმარება. დასაწყისისთვის, გავიხსენოთ ხუთი ძირითადი გრძლიობა: მთელი, ნახევარი, მეოთხედი, მერვედი და მეთექვსმეტედი.
როგორც გვახსოვს, მთელი ნოტი ყველაზე ხანგრძლივია და ყველა სხვა გრძლიობა მასთან შეფარდებით იზომება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი გრძლიობა მისი თანაბარ, ლუწ ნაწილებად დაყოფის შედეგად მიიღება. უკეთ გაგებისთვის მოსახერხებელი იქნება, თუ წამს პირობით ერთეულად მივიჩნევთ ანუ მეოთხედ ნოტს – 1 წამად, ნახევარს – 2 წამად, ხოლო მთელს – 4 წამად. მეოთხედზე ნაკლები გრძლიობები, შესაბამისად, მერვედი – 0,5 წამსა და მეთექვსმეტედი – 0,25 წამს გაუტოლდება.
იმისათვის, რომ კომპოზიტორმა სანოტო ჩანაწერში ჩანაფიქრი სრული სიზუსტით გამოხატოს და რომელიმე ნოტის ჟღერადობა მეტად შეაყოვნოს, გრძლიობის გახანგრძლივებისთვის ორ ხერხს იყენებს: წერტილის (წერტილების) და ლიგის ნიშნების დამატებას. მაგალითად, ნოტის ან პაუზის გრძლიობის ნახევარჯერ გაზრდისთვის, ნოტის მარჯვნივ წერტილი უნდა დაისვას. სხვაგვარად თუ ვიტყვი, წერტილი ნოტს მისი გრძლიობის ნახევარს (50%) უმატებს.
მაგალითად, ნახევარი გრძლიობის ნოტი ორს ითვლის, ხოლო წერტილი მას სამ თვლამდე ზრდის. რაც შეეხება მთელს წერტილით, მისი გრძლიობა მეტრონომის ექვს დარტყმას უდრის ანუ 6 თვლამდე იზრდება, ვინაიდან მთელი ოთხს ითვლის და წერტილის სახით მისი გრძლიობის ნახევარი ანუ დამატებით ორი თვლა ემატება.
მეოთხედი ნოტი წერტილის გარეშე ერთს ითვლის, წერტილით კი – ერთნახევარს ანუ სამ მერვედს. ვფიქრობ, ადვილი გამოსათვლელია, როცა ვიცით, რომ ნებისმიერი გრძლიობის ნოტს წერტილის სახით მისი გრძლიობის ნახევარი ემატება. შესაბამისად, მეოთხედ ნოტს, რომელშიც ორი მერვედია 1/4 = 2/8, დაემატება მეოთხედის ნახევარი ანუ კიდევ ერთი მერვედი: 2/8 + 1/8 = 3/8.
იმ შემთხვევაში, თუ თვლას დროის განზომილებაში გადავიყვანთ: როცა მეოთხედი წამს ითვლის, ხოლო წერტილი ანუ მისი ნახევარი – ნახევარ წამს, მივიღებთ წამ ნახევარს (1,5 წ.). ამგვარი თვლის პრაქტიკა შეგიძლიათ ნებისმიერი გრძლიობის გადათვლაზე გამოიყენოთ.
ახლა განვიხილოთ მერვედი წერტილით. როგორც ვიცით, მერვედში ორი მეთექვსმეტედია 1/8 = 2/16. წერტილის დამატების შემთხვევაში ორის ნაცვლად სამ მეთექვსმეტედს მივიღებთ: 2/16 + 1/16 = 3/16.
ორი წერტილი
თუ ნოტს ორი წერტილი მოსდევს, საწყისი გრძლიობა სამი მეოთხედით გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ პირველ წერტილს, რომელიც მოცემული გრძლიობის ნახევარს უმატებს, ამ წერტილის ნახევარი დაემატება ანუ მეორე წერტილს მიღებული გრძლიობის ნახევარი დაემატება, ასე ვთქვათ „ნახევრის ნახევარი“. მაგალითად,მეოთხედთან ორი წერტილი მიანიშნებს, რომ მეოთხედის (ერთი თვლა) შემდეგ ვგულისხმობთ ჯერ მერვედ (მეოთხედის ნახევარს), ხოლო შემდეგ მეთექვსმეტედ (მერვედის ნახევარს) თვლას.
ორი წერტილი მთელ ნოტთან: თუ მთელი ითვლის ოთხს, პირველი წერტილი ორ თვლას (ნახევარი გრძლიობა), ხოლო მეორე წერტილი კიდევ ერთ თვლას – ორი თვლის ნახევარს (მეოთხედ გრძლიობას) მიუმატებს. მთლიანობაში შვიდ თვლას (4 + 2 + 1) მივიღებთ.
ორი წერტილი ნახევარ ნოტთან: თუ ნახევარი ორს ითვლის, პირველი წერტილი ერთ თვლას (მეოთხედს), ხოლო მეორე წერტილი ერთის ნახევარს (მერვედს) მიუმატებს (2 + 1+ 0,5).
ლიგა
ბგერების გრძლიობის მოსამატებლად წერტილის გარდა არსებობს კიდევ ერთი ხშირად გამოყენებადი ხერხი – ლიგა (რკალი), რომელიც ერთი და იმავე სიმაღლის მეზობელ ორ ნოტს აერთებს. ლიგით გადაბმული ნოტი არ იკვრება და ჟღერს, როგორც პირველის გაგრძელება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ გრძლიობას მეორე გრძლიობა ემატება, ანუ ლიგა ორ ნოტს ერთ ნოტად აერთიანებს. გავითვალისწინოთ, რომ ლიგა პაუზებთან არ გამოიყენება.
ალბათ დაგაინტერესებთ, რა საჭიროა ლიგა, თუკი მსხვილი გრძლიობის ჩაწერის მარტივი შესაძლებლობა არსებობს? მაგალითად, ლიგით გადაბმული ორი მეოთხედი ნოტის ნაცვლად რატომ არ უნდა ეწეროს ნახევარი, ან ორი ნახევრიანი ნოტის ნაცვლად – მთელი? საქმე იმაშია, რომ ლიგა იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა მსხვილი ნოტი ორი ტაქტის ზღვარზე ჩნდება (პირველ ტაქტში ვერ ეტევა). ამიტომ ნოტი უნდა დანაწევრდეს, გაიყოს ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ერთ ტაქტში დარჩება, ხოლო მეორე, როგორც პირველის გაგრძელება მომდევნო ტაქტის თავში, საწყის თვლაზე მოთავსდება. შემდეგ დანაწევრებულ ორ ნაწილს შევაერთებთ და მივიღებთ ზუსტ რიტმულ ნახაზს. ასე რომ, როგორც ვხედავთ ლიგას გვერდს ვერაფრით ავუვლით.
მაგალითად, ორი გადაბმული მეოთხედი ნოტი ნახევრიანი ნოტის ანალოგი იქნება. როდესაც დაკვრისას ლიგას შევამჩნევთ, მოცემული ორი ნოტი უბრალოდ „შევაწებოთ“ ანუ თვლით გავაერთიანოთ.
ფერმატა
ფერმატა არის მუსიკალური სიმბოლო, რომელიც ნოტის ან პაუზის ხანგრძლივობას განუსაზღვრელი დროით ზრდის და დამოკიდებულია შემსრულებლის სურვილზე. ფერმატა იმაზე მიანიშნებს, რომ ბგერა იმაზე მეტად დავაყოვნოთ, ვიდრე სანოტო ჩანაწერშია მოცემული. ფერამატას ნიშანი (რკალი წერტილით) ნოტის ზევიდან ან ნოტის ქვევიდან დაისმება.
სწორედ ზევით აღნიშნული გამომსახველობითი ხერხების ჰარმონიული შეხამების წყალობით იქმნება მუსიკა, რომელიც მუდამ თან გვდევს და ცხოვრებას გვილამაზებს.

http://mastsavlebeli.ge/
იცხოვრო და მოკვდე ხელოვნებისთვის და სიყვარულისთვის
სიყვარულის ზღაპარი, რომელსაც მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ადევნებდა თვალყურს, სამწუხაროდ, მწარე რეალობის ათასობით ნამსხვრევად იქცა. სკანდალური რომანი შეეხება გასული საუკუნის ცნობილი ადამიანების – ბერძენ მულტიმილიონერ არისტოტელე ონასისსა და წარმოშობით ბერძენ ამერიკელ დიდებულ საოპერო მომღერალ მარია კალასს.
ვნება გონებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. XX საუკუნის უდიდესი საოპერო მომღერლის მარია კალასის ცხოვრება არისტოტელე ონასისმა თავდაყირა დააყენა.
„მსურდა მარია ვყოფილიყავი, მაგრამ არსებობს კალასი, რომელიც მოითხოვს,
ღირსეულად ვატარებდე მის სახელს“.
მათი პირველი შეხვედრა ცნობილი ვენეციელი გრაფინიას სახლში კალასის საპატივცემულოდ მიძღვნილ საღამოზე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულს მარიასა და არისტოტელეს მეუღლეებიც ესწრებოდნენ, მილიონერი მომღერალს ნაბიჯითაც არ შორდებოდა. გასაკვირიც არაფერი უნდა იყოს, მარია მშვენიერ ანტიკურ ბერძნულ ქანდაკებას ჰგავდა.
წყვილის ურთიერთობა გარშემომყოფთათვის თავიდანვე ვერ აღმოჩნდა გასაიდუმლოებული. კრუიზში ონასისი მარიას ყოველ საღამოს საცეკვაოდ იწვევდა, რის შემდეგ გაუჩინარებული შეყვარებულნი თავ-თავიანთ საძინებლებში მხოლოდ დილით ბრუნდებოდნენ.
კრუიზს მოჰყვა დიდებული მომღერლის პატივსაცემად გამართული მეჯლისი ლონდონურ სასტუმროში, სადაც არისტოტელე ონასისი მარიას გარშემო დარბაზის მთელ თავისუფალ სივრცეს მეწამული ვარდებით ავსებდა. 36 წლის ოპერის პრიმადონა, რომელსაც საოპერო მოღვაწეობის 10 წლის მანძილზე არაერთი ექსცენტრული თაყვანისმცემელი უხილავს, შეყვარებული იყო როგორც პატარა გოგონა.
სამწუხაროდ, ბედნიერება ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა. პირველი დარტყმა მარიამ მაშინ მიიღო, როდესაც ონასისს ფეხმძიმობის შესახებ აუწყა. ამ დროისათვის კალასი 42 წლისა იყო. თანადგომის მოლოდინში მყოფმა არისტოტელესგან მტკიცე უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ მას ორი შვილი უკვე ჰყავდა. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით შეპყრობილმა მარიამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა, რასაც მომავალში სასტიკად ნანობდა.
მარია კალასი ყურადღების ეპიცენტრში იყო შემოქმედებითაც და სკანდალური ქრონიკითაც, სადაც ძირითადი საკვანძო ადგილი სასიყვარულო სამკუთხედს ეკავა: კალასი, ონასისი და ჟაკლინ კენედი. მეორე შოკისმომგვრელი ცნობა იყო, როდესაც გაზეთებიდან ონასისის ღალატის შესახებ შეიტყო: მან ამერიკის შეერთებული შტატების მოკლული პრეზიდენტის ქვრივზე ჟაკლინ კენედიზე იქორწინა.
ამ ცნობილ ქალბატონებს შორის ონასისისთვის ბრძოლაში გამარჯვება ჟაკლინმა მოიპოვა, ხოლო დიდებული მარია მიტოვებული იქნა ბერძენი მილიარდერის მიერ. ყოველივე კი ფართო საზოგადოების თვალწინ „თამაშდებოდა“, პრესის, ტელევიზიის გაშუქების ფონზე და მარია „მაყურებლებისთვის“ უნებლიეთ ტრაგიკულ ფიგურად „გამოიძერწა“. და როგორც წესი, ბიოგრაფიაში „წვეთი სისხლი“ პერსონისადმი ინტერესსა და მიზიდულობას მუდამ ამძაფრებს.
კალასის ცხოვრება ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა. საყვარელი ადამიანისთვის – მოღალატე მამაკაცისთვის ყველაფერი გაიღო: კარიერა, შეუმდგარი ოჯახური ბედნიერება და ვერდაბადებული შვილიც კი.
მარიას დასაცავად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ნიუანსი, რომელიც ბუნდოვან სურათს ერთგვარად ფარდას ხდის და კონტურებს ამკვეთრებს. მოგეხსენებათ, მარია კალასი დაახლოებით 30 წლამდე ზედმეტად დიდი წონისა გახლდათ და მამაკაცებისთვის მიმზიდველი არ იყო (მოგვიანებით მარია მკურნალობის მკაცრი კურსის ჩატარების შემდეგ თითქმის 30 კილოგრამით დაიკლებს, რაც ხმისთვის ძალზე სარისკოა). ბიოგრაფებს მარიას ოცდაათ წლამდე ცხოვრებიდან ერთი სასიყვარულო რომანის ეპიზოდიც კი არ აღმოუჩენიათ. მომღერალი თავის იმპრესარიოს, წლოვანებით უფროსს, ცოლად უსიყვარულოდ გაჰყვა. შეგახსენებთ, მარიას მეუღლე ბატისტო მენეგინმა მომღერლის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, როგორც მენეჯერმა და პროდიუსერმა.
ოპერაზე უსაზღვროდ შეყვარებული მენეგინისთვის სიმღერის ილუზორული სამყარო გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი იყო, ვიდრე საკუთარი წარმოების (აგურების ქარხნების) მფლობელობა. 26 წლის უცნობმა მომღერალმა და მასზე ორჯერ უფროსმა თაყვანისმცემელმა ჯერ შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარეს, ხოლო ორი წლის შემდეგ კიდეც იქორწინეს. აღსანიშნავია, რომ მარია ქორწინებამდე სასიყვარულო ვნებას არ მიუყვანია. ის მეუღლეში გასაოცარ ერთგულებასა და უსაფრთხო თავშესაფარს ხედავდა, ბავშვობიდან ტკივილამდე რომ აკლდა. თუმცა, პრაქტიკული მოსაზრებით ნაკარნახევი ქორწინება 50-იანი წლების რომანტიკულ სამყაროში ვერაფრით ვერ ეწერებოდა.
და ასე, 35 წლამდე „ჩათვლემილი“ მარია მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ცნობილ მაგნატს, არისტოტელე ონასისს შეხვდა. სამწუხაროდ, თავდავიწყებით შეყვარებული მარია, ეს დიდებული მომღერალი, ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებაში სრულიად უმწეო აღმოჩნდა. მარია სასიყვარულო რომანის ყოველ წვრილმანს გადაჭარბებული ტრაგიზმით განიცდიდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან მარიას „არისტო“ ქალების გამძაფრებით მოტრფიალე გახლდათ. ყოველივეს კი, მათ ცხოვრებაში ჟაკლინ კენედის შემოჭრამ დაუსვა საბოლოო წერტილი.
მიუხედავად ყველაფრისა, ჯოვანი ბატისტა თანახმა იყო მარიას ახალი გატაცების ყოველგვარ გამოვლინებაზე თვალი დაეხუჭა, ღალატზეც კი. ბოლოს და ბოლოს მასზე 30 წლით უმცროს მარიასთვის, ოპერის ჭეშმარიტი დივასთვის დაუფიქრებელი ქცევის პატიება მართლაც შეიძლებოდა. მაგრამ ვაი რომ, მარია მეუღლის პატიებას სრულებით არ საჭიროებდა. მილანში დაბრუნებულმა მენეგინს ონასისთან მჭიდრო ურთიერთობისა და მასთან სამუდამო დაშორების შესახებ დაუყონებლივ აუწყა.
ასეა თუ ისე, არისტოტელე ონასისი დიდი მომღერლის პირველი და უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდა. სწორედ მასთან კავშირმა განაცდევინა მარიას მანამდე სრულიად უცხო შეგრძნებები.
მომღერალს ხმასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ ონასისთან რომანის დასაწყისში შეექმნა. მუდმივი ტრაქეიტი და ბრონქიტი თანდათან ხმას უზიანებდა, ხოლო წარმოქმნილი ხრინწი მარიას პროფესიისთვის ნამდვილ ღვთის რისხვას ემსგავსებოდა. მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში მკურნალობის მიუხედავად, მარიას საშველი არსაიდან ჩანდა. ექიმები მიზეზად ფსიქოსომატურ დარღვევებზე მიანიშნებდნენ. მარიას სიყვარული იმდენად უსაზღვრო იყო, რომ არჩევანის შემთხვევაში არა ხმას, არამედ ონასისთან ურთიერთობას ამჯობინებდა. მაგრამ ბედის ირონიით აღმოჩნდება, რომ მოგვიანებით მარია ორივეს ერთად დაკარგავს.
1975 წელს არისტოტელე ონასისი კუჭის ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ორი წლის შემდეგ სრულიად მარტო დარჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალი – მარია კალასი. 53 წლის ასაკში უდიდესი და საბრალო, საბედისწერო და მიმნდობი ქალბატონი მარია კალასი პარიზში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე კალასს ონასისისგან ანდერძით დატოვებული ათასობით ყვავილი აცილებდა.
P.S. კალასის გასაოცარი ნამღერის საიდუმლო საკუთარი ტკივილებიდანაა ამოზრდილი… და აი ის, გატანჯული, მოტირალი მარია კალასი – სცენური და ნამდვილი სიკვდილით. ასე დასრულდა XX საუკუნის უდიდესი მომღერლის, დიდი არტისტის და ამავდროულად, ადამიანური სისუსტეების მქონე ქალბატონის – მარია კალასის სევდიანი ცხოვრება.
http://mastsavlebeli.ge

No comments:
Post a Comment